Baby Bag

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

„პედაგოგებო, ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდემდე უნდა ამტკიცოთ თქვენი კვალიფიკაცია?!“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

„პედაგოგებო, ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდემდე უნდა ამტკიცოთ თქვენი კვალიფიკაცია?!“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მასწავლებელთა ახალი სქემის შეჩერებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ მიმართვას:

​„ეს სქემა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ! პედაგოგებო, ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე. როდემდე უნდა დარბოდეთ ტრენინგიდან ტრენინგზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდემდე უნდა ამტკიცოთ თქვენი კვალიფიკაცია, რისთვის ისწავლეთ უმაღლესში... იმისათვის რომ ხელფასი მოგიმატონ? და იმ დროისთვის ლარის მსყიდველობითი უნარი კიდევ როგორი იქნება, არავინ იცის. ხოდა კარგად დაფიქრდით, სანამ ისევ ჩაებმებით ამ უაზრო სქემაში. გამოვაცხადოთ პროტესტი. შეგვეშვან, გვაცადონ ბავშვებთან მუშაობა! და ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად გაზარდონ! რაც მთავარია, სქემაში მასწავლებლის წინსვლისთვის განსაზღვრულ არც ერთ კომპონენტში - მოსწავლის შედეგი არ ჩანს. მასწავლებლის მუშაობა პირდაპირ უნდა იყოს მიბმული მოსწავლის შედეგზე! და არა რამდენსაათიან ტრენინგს გაივლი, გარე დაკვირვებაზე უცხო ადამიანი შემოვა დაგაკვირდება, წელიწადში 3 გაკვეთილს ჩაატარებ - ხარისხის ჯგუფი დაგაკვირდება, მერე სემესტრის და წლის ბოლოს დირექტორს უნდა მოახსენო შენი თვითშეფასება\რეფლექსია და იმან განმავითარებელი კომენტარი მოგცეს, სასწავლო პროცესში ყველა თემატური მატრიცა შეადგინო და თემის ბოლოს რეფლექსია უნდა გაიკეთო, არ დაგავიწყდეთ კიდევ კომპლექსური შემაჯამებელი დავალებები გაქვთ მოსამზადებელი, შესაფასებელი და ანალიზი გასაკეთებელი... არ დაიღალეთ? ამოიღეთ ხმა! კარგად წაიკითხეთ თქვენი სამუშაოს მთავარი დოკუმენტი, გაიაზრეთ - რის გაკეთებას გთხოვენ!“ - აღნიშნულია საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციამ 7 ივლისს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა ​ღია წერილით, სადაც მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვდნენ.


წაიკითხეთ სრულად