Baby Bag

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ“

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ“

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად - დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად