Baby Bag

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება:

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს - ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება,'' - დასძინა ჩხენკელმა. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

წაიკითხეთ სრულად