Baby Bag

როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი

როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შეკითხვებს ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ჩიქვინიძემ უპასუხა. ნახეთ ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხები:

ზოგადი უნარების ტესტის რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას?

აბიტურიენტები შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებასა და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში.

არის თუ არა წელს რაიმე ტიპის ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდის ტესტებში ბარიერის, საგამოცდო საკითხებისა ან ტესტის ნაწილებს შორის ქულების გადანაწილების თვალსაზრისით? როგორი სირთულის იქნება წელს ტესტი?

ზოგადი უნარების გამოცდაში წელს სიახლეები არ არის. ტესტი დაახლოებით ისეთივე სირთულის იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.

როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ზუსტად გვეყოს?

ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას, იმ შემთხვევაში, თუ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა, გამოტოვეთ (ნუ დაუთმობთ ბევრ დროს) და გადადით შემდეგზე. ყველა დავალების ნახვის შემდეგ ისევ დაუბრუნდით მას. დავალებები გადის აპრობაციას და საგამოცდო ტესტში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება. შესაბამისად, დროის სწორად განაწილების შემთხვევაში გამოცდისათვის გამოყოფილი დრო სავსებით საკმარისია.

პასუხები ბოლოს გადავიტანოთ თუ თითოეული დავალების ამოხსნის შემდეგ?

უმჯობესია, კონკრეტული დავალების ამოხსნის შემდეგ გადაიტანოთ პასუხი პასუხების ფურცელზე, რადგან, ხშირად, როცა აბიტურიენტებს ტესტირების ბოლოს გადააქვთ პასუხები, სიჩქარის გამო ერევათ თანმიმდევრობა.

ანალოგიების შესრულებისას დასჭირდება თუ არა მოსწავლეს უცხო სიტყვის წინარე ცოდნა სწორი პასუხის შემოსახაზად?

ანალოგიის ტიპის დავალებებში უცხოური წარმომავლობის სიტყვები, ძირითადად, ტექსტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კონტექსტიც შეიძლება დაგეხმაროთ მათი მნიშვნელობის გაგებაში.


შეიძლება დაინტერესდეთ

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.

მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.

წაიკითხეთ სრულად