Baby Bag

ზოგადი უნარების გამოცდა არ უქმდება, სავალდებულოდან არჩევით სიაში გადადის - მარიამ ჯაში

ზოგადი უნარების გამოცდა არ უქმდება, სავალდებულოდან არჩევით სიაში გადადის - მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კანონით სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტს „ევროპულმა საქართველომ“ შესთავაზა. 

კანონპროქტის ინიციატორების თქმით, სწორედ ზოგადი უნარების გამოცდა უზრუნველყოფს სოციალურად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტების გათანაბრებას, რადგანაც ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის ცოდნა, არამედ შესაბამისი უნარების ფლობა, რაც გულისხმობს როგორც წაკითხული ტექსტის გააზრებას, ისე კონკრეტული ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობას.

„ევროპული საქართველოს“ არგუმენტები არ გაიზიარა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოობა კანონში ვერ გაიწერება.

როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული.

„ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - naec

​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები ხვალიდან, 27 ივნისის 12:00 საათიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის - online.naec.ge - პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

წაიკითხეთ სრულად