Baby Bag

ზოგადი უნარების გამოცდა არ უქმდება, სავალდებულოდან არჩევით სიაში გადადის - მარიამ ჯაში

ზოგადი უნარების გამოცდა არ უქმდება, სავალდებულოდან არჩევით სიაში გადადის - მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კანონით სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტს „ევროპულმა საქართველომ“ შესთავაზა. 

კანონპროქტის ინიციატორების თქმით, სწორედ ზოგადი უნარების გამოცდა უზრუნველყოფს სოციალურად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტების გათანაბრებას, რადგანაც ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის ცოდნა, არამედ შესაბამისი უნარების ფლობა, რაც გულისხმობს როგორც წაკითხული ტექსტის გააზრებას, ისე კონკრეტული ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობას.

„ევროპული საქართველოს“ არგუმენტები არ გაიზიარა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოობა კანონში ვერ გაიწერება.

როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული.

„ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019

​შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს აქვეყნებს.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.
გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge
წაიკითხეთ სრულად