აბიტურიენტების კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:
✔️გამარჯობა, მაინტერესებს, როგორი კალმის შემოტანაა შესაძლებელი?
➡️სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 - 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
✔️შეიძლება თუ არა გამოცდის ადგილის შეცვლა?
➡️საგამოცდო ქალაქის შეცვლა 3 აპრილის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აპლიკანტთა განაწილების პროცესი დასრულებულია და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი.
✔️საგამოცდო გრაფაში წერია 08:00 საათი. ამ დროს იწყება გამოცდა?
➡️საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდება.
✔️დაიშვება თუ არა აბიტურიენტი ვადაგასული პირადობის მოწმობით გამოცდაზე?
➡️თუ ახლი პირადობის აღებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ გამოცდაზე პასპორტით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობით გამოხვიდეთ (ფორმა N1).
✔️საგამოცდო ბარათი ამოვბეჭდე, თუმცა ფოტო მკვეთრად არ ჩანს. როგორ მოვიქცე?
➡️მთავარია ბარათზე დატანილი მონაცემები იკითხებოდეს მკაფიოდ.
✔️ბათუმში საგამოცდო ადგილად მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტია შერჩეული?
➡️ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში ხართ გადანაწილებული და რომელ მისამართზე, ეს ინფორმაცია მითითებულია თქვენს საგამოცდო ბარათზე. საგამოცდო ცენტრებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/1927