Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

მთავარი სიახლე:

აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული''

,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული''

მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში, ვსაუბრობთ იმ სისტემურ ფუნქციებსა და სამსახურებზე, რომლებიც ახორციელებენ ხელისუფლების და სახელმწიფოს მომსახურებას მოქალაქეებისთვის. ეს არის პოლიცია, ჯარი, ჯანდაცვის სისტემა, მასწავლებლები. ეს ის მიმართულებებია, რომლებისთვისაც სოციალური თვალსაზრისით, ისევე როგორც ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ. მოგეხსენებათ, ჩვენ წელსაც გავუზარდეთ ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენელს ხელფასები. მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული და სანამ გახდება ღირსეული, მერწმუნეთ, კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად