Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

მთავარი სიახლე:

აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვფიქრობთ, რომ სამინისტრო სწორი მიმართულებით მიდის“ - გია მურღულია

„ვფიქრობთ, რომ სამინისტრო სწორი მიმართულებით მიდის“ - გია მურღულია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის კერძო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე კერძო სკოლების განვითარების საკითხები, მათ შორის, საკადრო პოლიტიკა, წახალისების მექანიზმები, რესურსების თავისუფალი გამოყენების გზები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„რამდენიმე არსებით საკითხზე ვისაუბრეთ და მივიღეთ ჩვენთვის მისაღები პასუხები. ვფიქრობთ, რომ სამინისტრო სწორი მიმართულებით მიდის. მინისტრმა საორიენტაციო გადაწყვეტილებებზე მიგვანიშნა და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებები განხორციელებადია, რაც ძალინ კარგი იქნება, როგორც განათლების სისტემისთვის, ასევე კერძო სექტორისთვისაც“- ასოციაციის პრეზიდენტი, გია მურღულია.

მინისტრის ინიციატივით მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად