განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის.
„საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადექვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი,“ - აღნიშნავენ სამინისტროში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში:
1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ ენაში
მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
გარდა ამისა, უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
„2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა.
აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.
სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.
მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად“, - განმარტავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.