Baby Bag

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ იმ დამატებითი საგნების პირველად ჩამონათვალს, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.

უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. ბიოლოგია;

4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

საბაკალავრო პროგრამები

სამედიცინო მიმართულების პროგრამები

პროგრამული გაერთიანებები

ქართულ ენაში მომზადების პროგრამები

ბრძანება N 178/ნ

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ​ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.

მანდატურის სამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

წაიკითხეთ სრულად