2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი ფორმატით ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ხშირად დასმული კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს.
ერთ-ერთი კითხვა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ სიახლეებს ეხება:
„განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით, გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ,“- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.