„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.