ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„პედაგოგებს, ვინც ვერ/არ დარეგისტრირდა მასწავლებელთა გამოცდებზე, მიეცეთ საშუალება, დარეგისტრირდნენ საშემოდგომო გამოცდებზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრაქტიკოსი მასწავლებლების სახელით თხოვნით მიმართავს. გთავაზობთ სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილს:
„პრაქტიკოსი მასწავლებლების სახელით მოგმართავთ თხოვნით, პედაგოგებს, ვინც ვერ/არ დარეგისტრირდა მასწავლებელთა გამოცდებზე ა.წლის 30 აპრილის ჩათვლით (ეს პერიოდი მოგეხსენებათ, როგორი სტრესული იყო ქვეყნისთვის), მიეცეთ საშუალება, დამატებით დარეგისტრირდნენ საშემოდგომო გამოცდებზე. ვინაიდან დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადება სამინისტროს დისკრეციული უფლებაა, გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გამოაცხადოთ დამატებითი რეგისტრაციის ვადები,“ - აღნიშნულია საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.