ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინე აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გახსნეს. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის სკოლაში დანერგვის მთავარი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მისცემს.
ფორუმის მონაწილეებმა სკოლის უსაფრთხოების, მოსწავლის უფლებების დაცვისა და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს, იმსჯელეს იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სკოლაში მშვიდ და დაცულ ატმოსფეროს შექმნის.
გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორებმა 2019 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამებს და აღნიშნეს, რომ წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა. ამგვარი დადებითი ცვლილებები კი იმის მანიშნებელია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სასკოლო ცხოვრება რეალურ ცხოვრებას დაუხლოვდება.
„ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში. აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინოფრმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა ალექსანდრე ასათიანმა წლის მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.