ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან
ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან) მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან. კურსი ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად არის აღიარებული.
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 50 მასწავლებელსა და ტრენერს გადაამზადებს.
პროექტი „მედიის ეკონომიკა“ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. „მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ.
პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდების ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე. ამასთან, პროექტის მიზანია მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.