ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
,,ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, მასწავლებლის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ''
,,ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, მასწავლებლის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ'' - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზე:
,,ადამიანი ყოველთვის იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყოველთვის დავუდგებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გვერდით, ისე როგორც ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია. სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზე. არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, მშვიდობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობა" - დასძინა გიორგი გახარიამ.