ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.