ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
,,ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე''
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, წვირმის საჯაროსკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე:
„დღეს დავათვალიერეთ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე. ამ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, არიან არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები.
მე ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ ექნებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა სწავლისთვის,“ - დასძინა მინისტრმა.
სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.
სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით და მისი ღირებულება 1 404 640 ლარს შეადგენს