Baby Bag

ეროვნულ გამოცდებზე ერთ ოთახში მაქსიმუმ 10 აბიტურიენტი იქნება

ეროვნულ გამოცდებზე ერთ ოთახში მაქსიმუმ 10 აბიტურიენტი იქნება

ეროვნულ გამოცდებზე ერთ ოთახში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალები ივნისში ეცნობება:

„ივნისში გვექნება უფრო მკაფიო და დეტალური სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებათან დაკავშირებით, ეს არის თარიღი. შეიძლება გამოცდების ჩატარების თარიღმა გადაიწიოს აგვისტოსკენ, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია შეიცვლება და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან. თუმცა დღეის მდგომარეობით, არც გამოცდის ფორმატისა და არც თარიღის ცვლილება არ განიხილება. ეს ძალიან დიდი თემაა და ივნისში გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გვექნება ცალკე პრეზენტაცია, სადაც მთელს საზოგადოებას ეცნობება ყველა დეტალი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული ჯანდაცვის სფერო პროტოკოლები:

„ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა სპეციფიკური პროტოკოლისა. ივნისში, როდესაც ეროვნული გამოცდის თარიღებს გამოვაცხადებთ, პროტოკოლთან დაკავშირებით ყველა დეტალი იქნება წარმოდგენილი,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა“ - გიორგი გახარია

აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა:

„ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე გრძელდება. ეს საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს. დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი - იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად