Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ონლაინტრენინგს სთავაზობს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ონლაინტრენინგს სთავაზობს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს eTwinning-ის ფარგლებში ონლაინ ტრენინგს სთავაზობს. 

,,დღევანდელი რეალობა მასწავლებელს, როგორც ციფრულ მოქალაქეს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებები დახურულია, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი ონლაინ და შეცვალონ მათი სასწავლო სივრცე. ამ მხრივ, eTwinning-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. აღნიშნული ქსელი ხელს უწყობს ვირტუალური საზოგადოების შექმნას, სადაც პირისპირ შეხვედრა აუცილებლობას არ წარმოადგენს," - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი ჯგუფი - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და შემოგვიერთდით - „მასწა​ვლებლე​ბის სანდო წყარო“.


მათივე ცნობით, პროგრამის პლათფორმა იძლევა შესაძლებლობებს ღია ონლაინ კურსებში მონაწილეობისა და ასევე, დაგეგმვა/განხორციელების, რაც ერთ-ერთი გზაა მასწავლებელთა დასაკავშირებლად. 

„eTwinning-ი პასუხობს დღევანდელ გამოწვევას და მასწავლებლებს სთავაზობს ონლაინ ტრენინგს, რაც მათ დაეხმარებათ ციფრულ სამყაროში სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი, გააფართოვონ თავიანთი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების პანელი და შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლების ახალი მასობრივი საშუალებები.

ტრენინგ მოდული: „eTwinning-ის პროექტების დაგეგმვა ვებ 2.0 ინსტრუმენტებით.“

პედაგოგები, რომლებიც ჩართულნი არიან ითვინინგის პროექტებში იყენებენ უამრავ სოციალური ქსელის იარაღებს, რომლებსაც დღესდღეობით ინტერნეტი გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით საქმიანობას, რომელსაც ეს პედაგოგები ახორციელებენ, აქვთ პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ონლაინ სწავლებისა და სწავლის პრაქტიკაზე.

ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია. დარეგისტრირებულ პედაგოგს დაგიკავშირდებიან თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და გეცნობებათ დეტალები ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის შესახებ,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგისტრაცია

წაიკითხეთ სრულად