Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც... - მსუბუქად გადასატანად მთავარია ორი რამ''

,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც... - მსუბუქად გადასატანად მთავარია ორი რამ''

,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც'' - აღნიშნულის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ტალღების მსუბუქად გადასავლელად აუცილებელია ორი რამ:

,,დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, მოგეხსენებათ ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი, კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი, სხვა კორონებიცაა, გრიპის ვირუსი და ა. შ. 

მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და მისი ტარება ავიყვანოთ 95%-ზე. ასეთ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. 

თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ მეხუთე ტალღისთვის თუ შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მექვსე ტალღას. 

მთავარია ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ იყოს კუმულაციური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად