Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები“

„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები“

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პაციენტების მართვაზე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

​„ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ, ახალ და „თანამედროვედწოდებულ“ რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაა სრული კატასტროფა.

წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში, ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ... არა, უარესად ვართ.

მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ. გინდაც 15-ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო, ის კოვიდის გადამტანია მაინც, ყველაფერია კოვიდის გადამტანი - ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი, თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ.

რა თქმა უნდა, ისიც საშინელ მანკად და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე, არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება არაა არავითარი ფიზიოთერაპია.

​​
როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში, ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი. მაგრამ აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის: „არ იყო აცრილი და მოკვდებოდა, აბა რაო“. ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება. ეს ასეა. ფაქტია.
აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.
ამას ესაჭიროება კარგი ვენტილაცია, რამდენიმე ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი, რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი და ადამიანების საავადმყოფოებში არშეყრა.

რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზო-კარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.

​​2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ. ეს დანაშაულია, სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის „გამპარვებელი“ ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.
ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ. მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.

​სამარცხვინოა ეს საქციელი.

​ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ ინფექცია არის უპირველესად ჰიგიენა და მართვა, ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს გაამართლონ ადამიანთა სიკვდილი, მაგალითად, აუცრელობით.

ვითომდა მხოლოდ ერთი ინფექცია არსებობდეს დედამიწაზე და თუ ის მოვთოკეთ, სხვა არაფერია საჭირო.

​​ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ კორონა ინფექცია არის უმეტესწილად, 80%-ში მხოლოდ და მხოლოდ გამშვები მექანიზმი სხვა დაავადებისა, სხვა გართულებისა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისე, როგორც ეს წესი და რიგია, ყოველთვის დაადანაშაულებენ თავად გარდაცვლილს და გარემოს დაუდევრობაში და სიბნელეში.

​​ყველა გარდაცვლილის უკან არის განვლილი გზა. აი, ამ გზის თითოეულ ნაბიჯს უნდა ანალიზი,“ - წერის ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად