Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია''

,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:

,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.

ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.

ფაიზერმა კვლევა დადო (​იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.

საქართველოში რა უნდა ვქნათ:

ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).

ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).

აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.

ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:

,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:

  • შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
  • მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
  • საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
  • მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ. 


წაიკითხეთ სრულად