Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მეგობრებო, დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე… ეს ჩემი რჩევაა ჩემი მეგობრებისადმი''

,,მეგობრებო, დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე… ეს ჩემი რჩევაა ჩემი მეგობრებისადმი''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ფაიზერის შემოსვლასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცლელად გთავაზობთ:

,,ფაიზერი შემოსულა. მეგობრებო, გაიხსენეთ, მე გითხარით, რომ ივლიში ფაიზერი იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. მითხარით, რა ვთქვი და რა არ შესრულდა ან არ მოხდა. გთხოვთ ერთ რამეს, ვიყოთ პოზიტიურები  …

გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე ხალხმრავალ ადგილებში (აცრილები და არააცრილები, კოვიდ გადატანილები და კოვიდ ჯერ არგადატანილები)

მეგობრებო, დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე… ეს ჩემი რჩევაა ჩემი მეგობრებისადმი…

დამატებითი ინფორმაცია ფაიზერთან დაკავშირებით:

დღეს 15:00-დან 18 წლის ზემოთ ყველასთვის იწყება ჯავშნების მიღება ფაიზერზე. მანამდე, ფაიზერი საერთოდ არ ჩანს სისტემაში.

აცრები დაიწყება 16 ივლისიდან.

შემოსული ვაქცინის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

სინოფარმით, სინოვაკით და ასტრაზენეკათი აცრილები ფაიზერზე ვერ დარეგისტრირდებით.

ვაქცინების თვითნებური შერევა საქართველოში დაშვებული არაა.

აცრაზე ვერ დარეგისტრირდებით თუ კოვიდის ოფიციალური დიაგნოზიდან 120 არ გასულა.

30 ბრიგადა მოგემსახურებათ 4 ქალაქის 7 სამედიცინო დაწესებულებაში.

ქ. ქუთაისში:

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“

ქ. ბათუმში:

„რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“

ქ. გორში:

„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“

ქ. თბილისში:

 „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“

 „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“

 „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“

როგორ დავჯავშნოთ:

ამ კლინიკებში ფიზიკურად მისვლა და დაჯავნა. მისვლამდე გადასამოწმებლად დარეკეთ!

booking.moh.gov.ge. მხოლოდ 15:00 საათიდან!

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ასევე მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი: 144-3.'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 


წაიკითხეთ სრულად