Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმუნიზაციის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინური წარმოების ვაქცინის გადაუდებელი დაშვების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის''

,,იმუნიზაციის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინური წარმოების ვაქცინის გადაუდებელი დაშვების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის''

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილიალურ ქსელში ჩინური წარმოების ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორვ თავად აღნიშნავს, გამართლებულად მიაჩნია ქვეყანამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ვაქცინის რესურსი:

,,იმუნიზაციის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინური წარმოების ვაქცინის გადაუდებელი დაშვების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის. პერსონალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივი საკითხი, მაშინ როცა არსებობდა გაცხადებული და მხარდაჭერილი პოზიცია აღნიშნული ვაქცინის მხოლოდ ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ გამოყენებაზე. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი პლანეტაზე 1-2 მილიონი ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინა რომ გვქონდეს დღესვე, მაგრამ ეს უტოპიური ოცნებაა სამწუხაროდ, როგორც ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში. მარტივად ვიტყვი, დღევანდელი გადასახედიდან, როცა ვხედავ უახლოესი 2 თვე და მეტი სხვა ალტერნატიული ვაქცინების მოპოვების ნულოვანს თუ არა მინიმალურ ალბათობას, მაშინ როდესაც მესამე ტალღის პირობებში უკვე 35 ქვეყანაში გამოყენებულ ვაქცინას შეუძლია მინიმუმ 500 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა (50 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი, საშუალო სიკვდილობის მაჩვენებლი 1%), გამართლებულად მიმაჩნია ქვეყანამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ეს რესურსი. ავტორიზაცია მნიშვნელოვანია, რაც აუცილებლად იქნება ვაქცინააციის დაწყებამდე ან მის პროცესში. არანაირი სხვა მოტივაცია არც მე და არც საბჭოს სხვა წევრებს დამერწმუნეთ არ ამოძრავებთ. გისურვებთ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინაციას!,'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

შეგახსენებთ, რომ ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. 

ქვეყანაში ვაქცინაციის ადმინისტრირება მაისის დასაწყისში მოხდება. „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. სპეციალისტების განცხადებით „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით დაბალია.

ასევე, ვაქცინებთან დაკავშირებით მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ რეგისტრაციამდე ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ.

„საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილისთვის გაიხსნება, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში.

„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი ნაკლებია, ამიტომ შესაძლებელია, გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გარდა ამისა, pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყო. ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.


წაიკითხეთ სრულად