Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება“ - მიხეილ ჩხენკელი

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება“ - მიხეილ ჩხენკელი

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული:

„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებულია საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად. პროექტი „ტელესკოლა“ გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც იგი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს არის ის პროგრამები, რომლებსაც სკოლები იყენებენ დისტანციური სწავლებისთვის როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, კერძოდ, მაიკროსოფტის პროდუქტები და, ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში. განსაკუთრებით, რასაკვირველია, ყველა მასწავლებელს, რომლებიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინ სწავლებაში, ასევე „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში. ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

წაიკითხეთ სრულად