Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

ავირჩიოთ ვაქცინაციის, პირბადეების გზა და გახსნილი გექნებათ ხელ-ფეხი ბედნიერი ცხოვრებისკენ ან მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება

ავირჩიოთ ვაქცინაციის, პირბადეების გზა და გახსნილი გექნებათ ხელ-ფეხი ბედნიერი ცხოვრებისკენ ან მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება

„ავირჩიოთ ვაქცინაციისა და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ლოკდაუნების, რაც გავიარეთ გასულ წელს“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს:

„ასტრაზენეკა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, დადგინდა ეს, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა განცხადება. ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ?!

მოსახლეობას მივმართავ, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობისგან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნესდარბაზებსა და სპორტდარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე, ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან მეორე.

ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ. 

წაიკითხეთ სრულად