Baby Bag

ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ

ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გააგრილებენ. ის გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,  უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კონფიციონერები გამორთული იქნება და განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ, იქნება მაინც განიავების პრობლემები. მოგეხსენებათ, ისეთი კონდიციონერების გამოყენება, რომლებსაც გარედან ჰაერის შემოტანა არ შეუძლიათ, არ არის ნებადართული. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება
​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამ...
როდის გახდება ​მასწავლებელთა გამოცდების შესახებ ინფორმაცია ცნობილი
​მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს - აღნიშული ინფორმაცია სამინი...
ნიღბის მოხსნის, დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბი...
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

​რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სოფიო გორგოძის თქმით, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

„​ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.
    წაიკითხეთ სრულად