Baby Bag

„თუ ბავშვი ჯანმრთელია, მისთვის გამოცდაზე ნიღბის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს,“ - პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ საუბრობს:

„თუ ბავშვი ჯანმრთელია, მისთვის გამოცდაზე ნიღბის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს. აბიტურიენტს მეორე ნიღაბიც უნდა ჰქონდეს, რადგან ცხელა, პირბადე ადვილად სველდება, ოფლი გამოიყოფა, ბავშვიც ღელავს, სუნთქვა უხშირდება და ჰიპერვენტილაცია აწუხებს. თუ ბავშვი ბრონქოსპაზმისკენ, ანუ ბრონქების შევიწროვებისადმი, არის მიდრეკილი და აქვს ბრონქიალური ასთმა, შესაძლოა, ნიღბის ხაგრძლივმა ტარებამ ბრონქოსპაზმი გამოიწვიოს. თუ ბავშვს მსგავსი პრობლემები აქვს, მას ექიმისგან ცნობა უნდა ჰქონდეს, რათა გამოცდაზე პრობლემა არ შეექმნას.“

„აბიტურიენტებს შორის დისტანცია დაცული უნდა იყოს, თუ ეს ვერ ხერხდება, რისკ-ჯგუფში შემავალი ბავშვები ცალკე უნდა დასვან, სადაც დისტანციას დაიცავენ. გამორიცხულია, რომ პირბადის გამო კომა განვითარდეს. თუ ბავშვი ღელავს, შესაძლოა, მას თავის ტკივილებიც ჰქონდეს, ეს ემოციური მომენტია. აბიტურიენტი გამოცდაზე ზედმეტად რომ არ დაიძაბოს, აჯობებს, წინასწარ სახლშიც გაიკეთოს ხოლმე ნიღაბი, რომ შეეჩვიოს. სხვანაირად არ გამოდის, დახურულ სივრცეში, სადაც სიმჭიდროვეა, პირბადე აუცილებელია, მით უმეტეს, როდესაც უცხო ადამიანების გარემოცვაში ხარ. ახლობლების წრეში ამდენად არ ღელავ, მაგრამ ხალხმრავლობის დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ბრონქიალური ასთმის მქონე აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეებში აეროზოლის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც ბრონქებს აფართოებს,“ - აღნიშნავს თამაზ მაღლაკელიძე.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი იწყება

ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი იწყება

6 ივლისს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. უცხოური ენების გამოცდა ორ სესიად ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის პარალელურად იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი.

„გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. გამოცდაზე გამოყენებული ტესტები კონკრეტულ საგანში ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

წაიკითხეთ სრულად