შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლას ის აპლიკანტები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა არ გასულან
მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასრულდა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა კითხვა - ვინ შეძლებს განმეორებით გამოცდაზე გასვლას.
როგორც Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით ოფიციალური ბრძანება ამ საკითხზე არ გამოცემულა.
„მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც ნოემბერში განმეორებით ჩატარდება, გასვლას შეძლებენ ის აპლიკანტები, რომლებსაც თავიანთი შედეგების გაუმჯობესება სურთ. სწორედ ეს არის განმეორებითი გამოცდის დანიშვნის მიზანი. რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა არ გასულან, მათ შესახებ ჯერ ოფიციალური ბრძანება არ გამოსულა,“ - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ცნობით, შემოდგომის გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შესაბამის ბრძანებაში გაიწერება.