შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო. ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.