შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს მასშტაბით, წელს ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი“
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი წეროვანის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ, სადაც სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად შემეცნებითი და კლასგარეშე საკითხავი მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.
„ნებისმიერი ბავშვისთვის წიგნი, წიგნთან ყოველდღიური ურთიერთობა ალბათ, ყოველთვის მნიშვნელოვანია. წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად წეროვანის სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადავეცით ქართული წიგნები. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ წეროვანში კიდევ ერთი, ახალი თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყება. განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, წელს ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. მომავალ წელს ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.