შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური მასწავლებლებისთვის მაისში რეგიონული სასწავლო ტური გაიმართება
2019 წლის 12-დან 18 მაისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან, - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.
სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 8 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 9 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.
„თუ ხართ დასაქმებული რეგიონის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ გთხოვთ, მოგვმართოთ და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
CV (რეგიონი, რაიონი, სკოლა. პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, გავლილი ტრენინგების შესახებ სრული ინფორმაცია: დასახელება, თარიღი);
ატვირთეთ სამოტივაციო წერილი;
აუცილებელი პირობაა, რომ გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიუზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.