შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებუს, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ხელშეკრულებას - „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს.
პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;
სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;
პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
„მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რაც განათლების სისტემაში 90 მილიონი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.