შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.
ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.
აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც.
რაც შეეხება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს“ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.