Baby Bag

​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - naec

​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები ხვალიდან, 27 ივნისის 12:00 საათიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის - online.naec.ge - პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ.სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო მათ სრულად დაუფინანსებს სწავლას. მისივე თქმით, ასეთი სულ 170-მდე აბიტურიენტია.

„ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020-2021 წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებული ტერიტორიებზე ლეგიმიტურად მცხოვრები პირებისთვის ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმს შეიმუშავებს, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

„აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა 27 ივნისიდან ცალმხრივად ჩაკეტა. ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყო. შესაბამისად, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

წაიკითხეთ სრულად