Baby Bag

​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - naec

​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები ხვალიდან, 27 ივნისის 12:00 საათიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის - online.naec.ge - პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს

მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს:

„ძვირფასო აბიტურიენტებო,

დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით: ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის.

გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ,“ - აღნიშნავს განათლების მინისტრი. 

წაიკითხეთ სრულად