Baby Bag

​აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

​აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

„კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოცდები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეები მოწყობილია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა აბიტურიენტი გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და ზედმიწევნით იცავს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის შექმნილ პროტოკოლს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა აბიტურიენტს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოვლენისთვის და წარმატებას უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

უცხოური ენების გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

უცხოური ენების გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნების პროცესი. naec გთავაზობთ პირველად შედეგებს უცხოური ენების გამოცდაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.


უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (16 ქულაზე მეტი).


აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
წაიკითხეთ სრულად