Baby Bag

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ბიოლოგიასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17.50 ქულაზე) მეტი.

ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 75. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 18.75 ქულაზე) მეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა
დასრულდა რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის სტატისტიკას აქვეყნებს:
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
  • მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
  • სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
აბიტურიენტების საყურადღებოდ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 2 მარტს, ხოლო მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 10 მარტს დაიწყო. ამ გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18:00 საათზე ამოიწურა. რეგისტრაცია პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის უახლოეს მომავალში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება .
წაიკითხეთ სრულად