Baby Bag

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. უკვე ცნობილია შედეგები მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.

რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს, თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.

ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ზარმაცი ბავშვები არ არსებობენ, არსებობენ უფროსები, რომლებსაც მათი მოტივირება ეზარებათ

ზარმაცი ბავშვები არ არსებობენ, არსებობენ უფროსები, რომლებსაც მათი მოტივირება ეზარებათ

ზარმაცი ბავშვები არ არსებობენ. მშობლები და მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვები ზარმაცობენ, ისინი საშინაო დავალებებს არ ასრულებენ ან ოთახს არ ალაგებენ. მშობელს თუ ვკითხავთ, რატომ უნდა შეასრულოს ბავშვმა საშინაო დავალება, ის გვიპასუხებს, რომ ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არ დააკონკრეტებს, ვისთვის არის მნიშვნელოვანი საშინაო დავალების შესრულება, ბავშვისთვის თუ უფროსებისთვის.

ზრდასრულ ადამიანს თუ ჰკითხავთ, რატომ დადის დარბაზში სავარჯიშოდ, ის გიპასუხებთ, რომ მას ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსწონს, ან გახდომა სურს. უფროსების ქცევა ყოველთვის გარკვეული მოტივატორით არის განპირობებული. ბავშვები, რომლებიც არ აკეთებენ იმას, რასაც მათგან მშობლები და მასწავლებლები ითხოვენ, მოტივირებულები არ არიან. უფროსებიც იშვიათად აკეთებენ იმას, რისი მოტივაციაც არ აქვთ. თუ თქვენ აბაზანის გაწმენდა არ გსურთ, ასე არ მოიქცევით. ზრდასრული ადამიანი ხშირად ისე იქცევა, როგორც არ სურს, რადგან აცნობიერებს, რომ მას ეს ქცევა გარკვეულ სარგებელს მოუტანს. ბავშვებს მსგავსი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა უჭირთ. ამის გასაცნობიერებლად მათ საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ.

ბავშვს ზარმაცის იარლიყს თუ მიაკრავთ, ამით მას შეურაცხყოფას მიაყენებთ. იმის გამო, რომ ბავშვის მოტივირებაში სათანადო შრომას არ დებთ, მას ზარმაცი არ უნდა უწოდოთ. პატარების მოტივირებას შრომა და მონდომება სჭირდება, რაც უფროსებს ხშირად უძნელდებათ. თუ გსურთ, რომ ბავშვმა თქვენი მითითებები შეასრულოს, უფროსებისთვის სასურველი ქმედებები მისთვის მოსაწონი უნდა გახადოთ. გარეგანი მოტივაციის ზრდაზე მეტად გირჩევთ ბავშვის შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე იზრუნოთ. თუ ბავშვის შინაგან მოტივაციას გაზრდით, ის თქვენთვის მოსაწონ ქცევას საკუთარი სურვილით განახორციელებს, რადგან მისი დადებითი მნიშვნელობა გააზრებული ექნება.

ბავშვი აქტიური და მოტივირებული რომ გახდეს, ყოველდღიური, რუტინული აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესო უნდა გახადოთ. ბავშვის გარეგანი მოტივაციის ამაღლება არასდროს ამართლებს. თუ თქვენი შვილი დასჯის შიშით გარკვეულ ქცევაზე უარს ამბობს და წახალისების მიზნით კონკრეტულ ქცევას ახორციელებს, მისი ქმედება გარეგანი მოტივატორებით არის განპირობებული. გარეგანი მოტივაცია დროებითია, ის გძელვადიან შედეგს არ იძლევა და საბოლოოდ ბავშვის დემოტივაციას იწვევს.

ბავშვის მოტივაციის გაზრდა თუ გსურთ, დაივიწყეთ მოსაზრება, რომ ბავშვი ზარმაცია. ამის ნაცვლად მისი პასიურობის მიზეზების შესწავლა დაიწყეთ. შესაძლოა, ბავშვის ქცევა მოტივაციის ნაკლებობით, კონკრეტული ქცევის ღირებულების გაუცნობიერებლობით ან თქვენი მოთხოვნების ბუნდოვანი ხასიათით იყოს განპირობებული.

ბავშვებს ოთახის დალაგება ნაკლებად უყვართ. თუ გსურთ, რომ შვილს სისუფთავე შეაყვაროთ, მას ჭკუის დარიგებას ნუ დაუწყებთ. ამის ნაცვლად ბავშვს აგრძნობინეთ, რომ წესრიგი გიყვართ. თავად ყოველთვის მოწესრიგებული იყავით და სახლი ხშირად დაალაგეთ. ბავშვი სისუფთავის მნიშვნელობას ასე უფრო გაიგებს. თუ მას ეტყვით, რომ ოთახი უნდა დაალაგოს, შესაძლოა, თქვენ შორის დისტანცია გაჩნდეს, ბავშვმა ჩათვალოს, რომ ის საკმარისად კარგი არ არის, რაც მის დემოტივაციას შეუწყობს ხელს.

მასწავლებლებმა და მშობლებმა დავალება ბავშვისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი უნდა გახადონ, რათა მისი დაინტერესება შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები და ინტერესები გაითვალისწინონ, როდესაც მისგან კონკრეტული დავალების შესრულებას ელიან. მასწავლებელი დავალების მიცემისას მშობლებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ უნდა ცდილობდეს, ის ბავშვების სურვილებსა და ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.

მოტივაციის ნაკლებობა ბავშვებს მხოლოდ სწავლის ან დალაგების საკითხებთან დაკავშირებით არ აქვთ. პატარები პარკში ძალიან კარგად ერთობიან, როდესაც მშობლებთან ერთად დარბიან და თამაშობენ, მაგრამ თუ მშობლები თავად პასიურები არიან და ბუნებაში ყოფნისას სკამზე უძრავად სხედან, ბავშვების აქტივობაც იკლებს.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვის სიზარმაცის შესახებ მითი დაამსხვრიონ და გააცნობიერონ, რომ შვილის მოტივირებისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.

მომზადებულია​ indianlink.com.au - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად