Baby Bag

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება
აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მომართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
  • შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი;
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
  • საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება;
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი.
თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა:
1. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
3. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს და სტუდენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოსაცდელის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

„წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 


წაიკითხეთ სრულად