Baby Bag

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება
აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მომართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
  • შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი;
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
  • საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება;
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი.
თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა:
1. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
3. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს და სტუდენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოსაცდელის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

მინიმუმ რამდენი ქულა უნდა აიღოს აბიტურიენტმა, რომ გრანტი მოიპოვოს? - ნახეთ აქტუალურ კითხვებზე პასუხები

მინიმუმ რამდენი ქულა უნდა აიღოს აბიტურიენტმა, რომ გრანტი მოიპოვოს? - ნახეთ აქტუალურ კითხვებზე პასუხები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარებულ ონლაინ ღია კარის დღეზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს.

1.რა ცვლილებები შეეხო და რის ხარჯზეა შემცირებული მათემატიკის ტესტი?

წინა წლებში გამოყენებული მათემატიკის ტესტები შედგებოდა 40 (30 დახურული და 10 ღია ტიპის) დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კი - 3 სთ და 40 წთ; მინიმალური ბარიერი - არანაკლებ 12 ქულისა (უნივერსიტეტებს უფლება ჰქონდათ, უფრო მაღალი ბარიერი დაეწესებინათ). 2021 წლის გამოცდისთვის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატში შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი: ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ამოღებული იქნება პლანიმეტრიის 4-ქულიანი დავალება.

2.პლანიმეტრიის დავალება საერთოდ იქნება ამოღებული ტესტიდან?

პლანიმეტრიის დავალებები არ არის ამოღებული ტესტიდან. არც საგამოცდო პროგრამა შეცვლილა. პლანიმეტრიის მხოლოდ ერთი დავალება, კერძოდ, 4 ქულიანი წერითი დავალებაა ამოღებული ტესტიდან. პლანიმეტრიიდან ტესტში იქნება როგორც ღია, ასევე დახურული დავალებები.

3.ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართულისა და ინგლისურის ბარიერები თუ შეიცვალა და რამდენია?

მინიმალური ზღვრების პროცენტული მაჩვენებლები არ შეცვლილა. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

4.ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს თუ შეეხება წელს სიახლე და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?

არც ქართული ენისა და ლიტერატურის და არც არჩევითი საგნის - ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“. ამ კრებულში დეტალურადაა მოცემული გამოსაცდელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ მას. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი და ყურადღებით გადაიტანოთ დავალებები კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ ადგილას. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, აბიტურიენტმა გამოცდაზე შემოთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და მხოლოდ ამ ტექსტის ანალიზი უნდა დაწეროს. ხშირად აბიტურიენტები ვერ იღებენ სათანადო შეფასებას იმის გამო, რომ გულდასმით არ ეცნობიან ინსტრუქციებს. პირობის ზედმიწევნით დაცვა კი უმნიშვნელოვანესია გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის.

5.კონსერვატორიაში ან თეატრალურში გრანტის მოპოვება როგორ შემიძლია?

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ¬¬ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი.

6.როგორც ვიცით, ქიმიის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო - შემცირდა საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულა. რის ხარჯზე?

დავალებების რაოდენობის შემცირება იმ პრინციპით მოხდება, რომ საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი იყოს ტესტის შესასრულებლად და, ამასთანავე, შენარჩუნდეს ტესტის სირთულის დონე. ასევე შენარჩუნდება დავალებათა ტიპები, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდება. შემცირდება როგორც არჩევითპასუხებიანი, ასევე ღია დავალებების რაოდენობა. მაგალითად, თუ 75-ქულიან ტესტში იყო 30 არჩევითპასუხებიანი დავალება, 63-ქულიან ტესტში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 24 ან 25 იქნება. პროპორციულად შემცირდება ღია დავალებების რაოდენობაც. ბარიერი დარჩება 25%-იანი, თუმცა მაქსიმალური ქულის შემცირებასთან ერთად დაიწევს მინიმალური ქულების რაოდენობაც, კერძოდ, ბარიერის გადასალახად საჭირო იქნება მინიმუმ 16 ქულის დაგროვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უფლება, თავად დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი.

7.მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.

8.თუ გადათეთრება ვერ მოვასწარი, შავი ნაშრომი გასწორდება?

არა, შავი ნაშრომი არ სწორდება. გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელზე არსებული, თქვენ მიერ შესრულებული/გადატანილი დავალებები.

9.უფასო ფაკულტეტებზე თუ შეგიძლიათ, რომ ისაუბროთ?

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები ყოველ წელს აგვისტოს დასაწყისში მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ 2020 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტით. მნიშვნელოვანი ცვლილებები უფასო პროგრამების ჩამონათვალში წინა წელს არ შესულა.

10.გამოცდების ონლაინჩატარებას ხომ არ გეგმავთ?

არა, ერთიანი ეროვნული გამოცდების დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით ჩატარება არ იგეგმება.

11.ინგლისური ენის ტესტში რამდენი მოსმენის დავალება იქნება?

უცხოური ენის ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი დავალება შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი - ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაცია: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი. იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. კრებულის სანახავად უნდა შეხვიდეთ ცენტრის ვებგვერდზე და ზედა მენიუში ჩამოშალოთ ბმული - ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნულით.


12.შეიძლება თუ არა ჩავაბარო ორი უცხო ენა, ან როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხო ენა?

ორ უცხოურ ენას ვერ ჩააბარებთ. აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე არის მოთხოვნილი. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს.


13. რომელი საგნით მივიღებ გრანტს, თუ ისტორიასაც ვაბარებ და მათემატიკასაც?

გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუ ისტორია და მათემატიკა, ორივე ბარდება პროგრამაზე, აბიტურიენტი გრანტს მიიღებს იმ არჩევითი საგნის შედეგით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების მოპოვების შანსი ექნება. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

14. ისტორიის ტესტში თუ შეიცვლება რამე?

ისტორიის გამოცდას წელს ცვლილება არ შეეხება. ტესტი ისევ 60-ქულიანია და საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია. აბიტურიენტებს ვურჩევთ, ყოველთვის ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას. ხშირად მათ ქულა იმის გამო აკლდებათ, რომ დასმულ კითხვას ძალიან ზოგადად პასუხობენ, როცა პირობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს მათგან. რაც შეეხება მომზადებას, შეუძლიათ გამოიყენონ გრიფირებული (XI-XII კლასების) სახელმძღვანელოები. არც ერთი საკითხი არ სცილდება იმ პროგრამის ჩარჩოებს, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ცეტრის ვებგვერდზე.
წაიკითხეთ სრულად