Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
„შეგახსენებთ: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. აბიტურიენტებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილირომელიც გვიჩვენებს, რა ქულა შეესაბამება აპელაციებისა და გათანაბრების შემდეგ ტესტის თითოეულ საგანსა და ვარიანტში მიღებულ ნედლ ქულას.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით - ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება

მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით - ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება

ბიუჯეტში გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს:

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

2021 წლის სახელმწიფო ​ბიუჯეტის პროექტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით. 

მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: 

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 100.7 მლნ ლარით; 
  • მათ შორის გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან; 
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე; 
  • უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე; 
  • წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი;
    ​ 
  • განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი; 
  • მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი; 
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე; 
  • პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" – 33.0 მლნ ლარი და სხვა;

ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან დაიწყება.

წაიკითხეთ სრულად