Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge დაonline.naec.ge) უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.

რეგისტრაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 2019:

ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება ქართულ ენაზე ტარდება.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2. "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. "საქართველოს ბანკის" ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

6. "თიბისი ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

7. PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია 12 მარტიდან პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში: იხ. მისამართები.

იხილეთ ასევე:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარს აქვეყნებს

შეიძლება დაინტერესდეთ

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.

აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც.

რაც შეეხება​ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს“ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

წაიკითხეთ სრულად