Baby Bag

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.


საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.


შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).


ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (17.5 ქულაზე მეტი). მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).


სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.



შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემო გემრიელებო, წუწუნებო, ბაჯაღლოებო, ვწერთ შეუჩერებლად!“ - მასწავლებლის მიმართვა აბიტურიენტებს

„ჩემო გემრიელებო, წუწუნებო, ბაჯაღლოებო, ვწერთ შეუჩერებლად!“ - მასწავლებლის მიმართვა აბიტურიენტებს
ბათუმის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შპს „მეგასკოლის" ხარისხის მართვის მენეჯერი ანა ლორია სოციალურ ქსელში წინასაგამოცდოდ აბიტურიენტებს მიმართავს:


​„ალბათ, უცნაური მოლოდინის ჟრუანტელი გივლით ახლა ტანში. ხვალ გამოცდაა. ვინ იცის, რა მოვა? როგორი სირთულის ტექსტი იქნება? თქვენი ორჭოფობა რომ ვიცი, დაიწყებთ ახლა სიღრმეებში ბოდიალობას, არიქა, აქაა მთავარი სათქმელიო. ზოგი გვირილასავით მიუდგება, ან ეს იქნება, ან- ესო... გახსოვთ ხომ ამ დროს ჩემი რეაქცია? 

ხოდა, თუ არ გინდათ გაბრაზებული ანიკო საჰაერო დილიჟინსით შემოგიფრინდეთ აუდიტორიაში და კაპასი თვალებით გადმოგხედოთ, დროულად მიაგენით მთავარ სათქმელს! 

თორემ გპირდებით, ერთი ანიკო რა რთული ასატანია და გაავებული რომ ათას ატომად დავიშლები და მოვეფინები აუდიტორიებს, მერე ნახეთ თქვენ! ..
ამიტომაც, პირველ რიგში, როცა ჩართავთ საგამოცდო პროგრამას და ტესტს დაინახავთ, გაიღიმეთ! თან როგორ იცით, აი, უბედნიერეს ადამიანად რომ წარმოიდგენს თავს კაცი, ისე (გეცბის ღიმილი მოუხდება აქ).

მეორე, რასაც აკეთებთ, გადახედავთ გრამატიკას და თვალში რომ შეგეჩხირებათ ათასჯერ გასწორებული შეცდომები, ისევ გაიღიმეთ. ხო მარტივია? ახლა ესეს შევხედოთ. ვითომ გერთულა? ამოხედე სათვალთვალო კამერას: ნახე, თვალს გიკრავ. დამინახე ხო? თითქოს რთული ესეა? გატყუებენ, ეს ხრიკია...აბა, დააკვირდი - რა მარტივი ყოფილა...ბიჭოს! ამოისუნთქე ხო? კარგია... 


ესეს სტრუქტურა იცი და მოდი, ახლა თემას გადავხედოთ. ლექსი და მოთხრობა... გეცნოთ ხომ ერთ-ერთი? ეს უკვე მაგარია...რომელი აარჩიოთ?.. გადახედეთ შინაარსს, რომლისკენ გაგიწევთ გული? ისევ ორჭოფობთ?.. უნდა დაგეხმარო თ რა...იგრძენით ნიავი? უფრო სიო, ხო? .. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ხოდა მარჯვენა მხარეს შემოისვით ლექსი, მარცხენა მხარეს-მოთხრობა... და დამელოდეთ...სულ 1-2 წუთი და მოვფრთხიალდები...ჰეეე, საიდან გრძნობთ ქროლას? თუ მენდობით, მოგაგებინებთ ამ რაუნდს.. ანუ ავირჩიეთ? გადასარევია.... ვიწყებთ წერას...ვისხენებთ ყველაფერს, რამდენს ვბჭობდით მთავარ სათქმელზე? აქედან ვგრძნობ, როგორ გინათდებათ გონება!!! 


აუ, ახლა რომ შემეძლოს, ყავას ან ცხელ შოკოლადს მოგირბენინებდით, კანფეტსაც მოვაყოლებდი ან ფუნთუშას და შეგიქმნიდით კომფორტულ ზონას. ამის გარეშეც შეიძლება! წარმოდგენაში გააცოცხლებთ ჩვენს ოთახს (ატიკუსეთს) და შეუდგებით წერას, დარწმუნებული და თავდაჯერებული... რა კარგად გამოგდით, ყოჩაღ თქვენ! გრძნობთ ხო მონიტორის დაჟინებულ ცქერას? ფანჯრის მინაც ირეკლავს რაღაც ნათებას, ხო? საათის ისარი გასუქებული გეჩვენება?.. აი , რამდენ ადგილას ვარ ჩამალული და რაღა გაშინებთ? თუ მაინც ვერ დაძლიე შიში, მაშინ ირგვლივ ჰაერს დააკვირდი, როგორ დამძიმდა... ნუ მსუბუქი არ ვარ... დამაცქერდით და ისე მარტივად მიგანიშნებთ, ვერავინ გაიგებს!  


აბა, ჩემო გემრიელებო, წუწუნებო, ბაჯაღლოებო, ვწერთ შეუჩერებლად!.. ძალიან მიყვარხართ და ეს სიყვარული იმდენად დიდია, არ მოგცემს შეჩერების უფლებას!!!“ - წერს მასწავლებელი.

წაიკითხეთ სრულად