Baby Bag

უცხოური ენების გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

უცხოური ენების გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნების პროცესი. naec გთავაზობთ პირველად შედეგებს უცხოური ენების გამოცდაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.


უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (16 ქულაზე მეტი).


აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის

ინფორმაცია 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:

„​გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.

გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ სრულად