Baby Bag

მათემატიკის გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

მათემატიკის გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნების პროცესი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის გამოცდის პირველად შედეგებს ასაჯაროვებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (10.20-ზე მეტი).
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლში 7 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებლის სახლში 7 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 19 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა.

პროგრამის ახალ მონაწილეებს მასწავლებლის სახლში 7 დღიანი მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

• თანამედროვე მიდგომები სწავლებაში
• მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები

ტრენინგების დასრულებისთანავე პროგრამის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე განაწილდნენ (სამეგრელო/ზემო სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი).

პროგრამის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.
წაიკითხეთ სრულად