Baby Bag

ძუძუთი კვების წესები და სწორი პოზიციები - ნეონატოლოგ ლია ოტიაშვილის რჩევები ახალბედა დედებს

ძუძუთი კვების წესები და სწორი პოზიციები - ნეონატოლოგ ლია ოტიაშვილის რჩევები ახალბედა დედებს

ნეონატოლოგმა ლია ოტიაშვილმა ახალბედა დედებს ბავშვის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ყველაზე მიმღები დედა ინფორმაციის მიმართ არის ორსულობის პერიოდში. ქალი აუცილებლად უნდა მოემზადოს მშობიარობის წინა პერიოდში ძუძუთი კვებისთვის. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ძალიან აუცილებელი, რომელიც მან აუცილებლად უნდა იცოდეს. ბავშვს ძუძუთი კვების დროს 2/3, ნახევარი სანტიმეტრი უნდა ედოს დვრილიანად. აქ არის გაფართოება, რასაც სადინარის ბასეინი ჰქვია, სადაც გროვდება რძე. მხოლოდ ამ ადგილზე ზეწოლით არის შესაძლებელი რძის გამოდევნა. თუ ბავშვი მხოლოდ თავს ჩაიდებს ან პირიქით, უფრო ღრმად ჩაიდებს ძუძუს, ვერ გამოწოვს რძეს. ბავშვის ძუძუთი კვებისას დიდი ვაკუუმი იქმნება პირის ღრუში. იმისთვის, რომ ჩვენ ძუძუ გამოვიღოთ, აუცილებლად უნდა მოხდეს ჰერმეტიკის დარღვევა. როგორც კი დეჰერმეტიზაცია ხდება პირის ღრუში, უარყოფითი წნევა ირღვევა და თავისით გამოვარდება ძუძუ. ეს უნდა გაკეთდეს ან ნიკაპზე მსუბუქი ზეწოლით ან ტუჩის კუთხის დაწევით. ძუძუთი კვების დროს ბავშვის მთელი სხეული უნდა იყოს დედის სხეულზე. ცხვირი და ნიკაპი ღრმად უნდა ეხებოდეს ძუძუს. თუ თქვენ ოდნავ მაინც ხედავთ ცხვირის კუთხეს, ბავშვი სუნთქავს თავისუფლად. რაც უფრო მჭიდროდ მიიჭერთ მკერდზე, მით უფრო აქტიურად გამოწოვს ძუძუს.“

„ძუძუთი კვების დროს ძალიან მოსახერხებელია ბალიშის გამოყენება. დედა აუცილებლად კომფორტულად უნდა იჯდეს, როდესაც ძუძუს აწოვებს ბავშვს. დედას ხელი დაყრდნობილი უნდა ჰქონდეს რაიმე საყრდენზე. საწოვარას გამოყენებას არ ვუწევ რეკომენდაციას. საწოვარაზე ბავშვი ძალიან იღლება. მას აღარ აქვს უნარი ძუძუ წოვოს იმ ძალით და აქტივობით, რომ მოხდეს საკმარისი ლაქტაცია. თუ დედა ძალიან დაკავებულია და მისთვის გასვლა აუცილებელია, საჭიროა საწველი, რომ გამოიწველოს. ასევე თუ დედას სამედიცინო ჩარევა სჭირდება, წინასწარ შეიძლება გამოიწველოს და რამოდენიმე საათი ბავშვს აჭამოს გამოწველილი რძე. ზედმეტი გამოწველა არაფრით არ შეიძლება, მაგალითად, კვების მერე გამოწველა დაუშვებელია. ეს ზრდის ლაქტაციას და მასტიტამდე შეიძლება მივიდეთ. გამოსაწველი აპარატი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ“- აღნიშნულ საკითხზე ლია ოტიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს თავები - როგორ მოვამზადოთ მკერდი ძუძუთი კვებისთვის?

თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს თავები - როგორ მოვამზადოთ მკერდი ძუძუთი კვებისთვის?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ყოველ ოთხშაბათს გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის*, თამუნა ლობჟანიძე რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

პირველ თემად წარმოგიდგენთ -როგორ მოვამზადოთ მკერდი ძუძუთი კვებისთვის?

ლაქტაცია, ანუ ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია და წესით, ადვილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ქალისთვის, თუმცა სინამდვილეში ბევრი დედა აწყდება პრობლემებს ლაქტაციის დაწყებისას.

ყველაზე ხშირი კითხვა მომავალი დედებისგან არის - როგორ მოვამზადოთ მკერდი ძუძუთი კვებისთვის?

დედას ეშინია, რომ დაუსკდება ძუძუს თავები, ეტკინება. ასევე ხშირია კითხვები:

  • საჭიროა, თუ არა ძუძუსთავების მომზადება? 
  • ექნებაა თუ არა რძე? 
  • შეუძლიათ თუ არა ლაქტაცია საკეისრო კვეთით ან ნაადრევად დაბადებული ბავშვების დედებს?


ხშირად დედებს ურჩევენ, ორსულობაში პირსახოცი ან ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გამოიყენონ ძუძუს თავების „მოსამზადებლად“, თითქოსდა კანის გაუხეშების შემდეგ ყველა პრობლემა გაქრება. ორსულობაში ძუძუს თავების სტიმულაციამ შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს, ამიტომ ეს მეთოდი დაუშვებელია.

რაც ნამდვილად საჭიროა ლაქტაციისთვის მოსამზადებლად - ეს სწორი ინფორმაციაა.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ყველანაირი ძუძუს ზომით და ძუძუს თავების ფორმითაა შესაძლებელი ბავშვის გამოკვება. სირთულეების არსებობის შემთხვევაში, ლაქტაციის კონსულტანტის დახმარებით და სხვადასხვანაირი ტექნიკის გამოყენების შედეგად თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ დაბადებიდან, პირველივე დღიდან (არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით დაიბადება ბავშვი) თქვენ გაქვთ რძე. ეს არის ხსენი, რაც აუცილებელია და ძალიან სასარგებლოა ყველა ახალშობილისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ:

  • თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს თავები;
  • იყავით დარწმუნებულები, რომ თქვენ გექნებათ საკმარისი რძე;
  • მიაწოდეთ ძუძუ ისე ხშირად, როგორც თქვენს ახალშობილს მოუნდება;
  • არ გააკეთოთ დიდი დროის ინტერვალები ბავშვის გამოკვებებს შორის;
  • არ გაიუხეშოთ ძუძუს თავების კანი
  • გაეცანით საკმარის ინფორმაციას ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით და თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ.


* ​ლაქტაციის კონსულტანტი არის დედა, რომელმაც გამოკვება ან კვებავს შვილს ძუძუთი და რომელსაც გავლილი აქვს ტრენინგი ან კურსი ლაქტაციის შესახებ. იგი გეხმარებათ ინფორმაციულად და ფსიქოლოგიურად ძუძუთი კვების საკითხებზე. ლაქტაციის კონსულტანტი არ არის ექიმი, ის არ ნიშნავს წამლებს და არა არის მასაჟისტი (თუ არ აქვს გავლილი შესაბამისი კურსები). უმეტეს ლაქტაციურ პრობლემას არ სჭირდება ექიმი. ლაქტაციის კონსულტანტი წამლების ან მკურნალობის დასანიშნად გიშვებთ ექიმთან. იგი ასწავლის დედას ძუძუთი კვების სწორ ორგანიზაციას, გამოწველას, ლაქტოსტაზების (გამაგრებები) პრობლემის მოგვარებას, ასევე ეხმარება ფსიქოლოგიურად და აძლევს ინფორმაციას ძუძუთი კვების სარგებლის შესახებ.

წაიკითხეთ სრულად