როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
რა არის ნიტრატი და შეგვიძლია თუ არა ნიტრატებიანი პროდუქტის ამოცნობა? - აგრონომი თამარ ოთხმეზური
აგრონომმა თამარ ოთხმეზურმა ნიტრატების შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში:
„ნიტრატი არის ელემენტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის. ყველა ბოსტნეულსა და ხილში არის რაღაც დოზით ნიტრატების შემცველობა. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ წარმოების პროცესში შევიტანეთ ზედმეტი სასუქი, უმეტესად ეს არის აზოტოვანი სასუქები, მცენარე ამას იღებს, აგროვებს ზედმეტი რაოდენობით და მერე უკვე ეს გადმოდის ჩვენს საკვებ ჯაჭვში. ძირითადად ბოსტნეული უფრო გამოკვეთილად მდიდარია ნიტრატებით, ასევე არის მწვანილები, სალათი, საზამთრო.
არ მგონია სწორი, რომ თუ კარგად გამოიყურება პროდუქტი და დიდი ზომისაა, ნიტრატებით არის სავსე. პროდუქტი როდესაც დევს დახლზე, იქ ჩვენ ნიტრატს ვერ დავინახავთ. როდესაც ვართ ნაკვეთში, შევდივართ და ვნახულობთ მცენარე როგორ არის, იქ შეგვიძლია შევატყოთ აქვს თუ არა ზედოზირება ნიტრატების. ნიტრატი მოდის აზოტისგან, მისგან წამოსული ელემენტია. აზოტი ძალიან ხელმისაწვდომია ფერმერისთვის. შედარებით უფრო ეკონომიურადაც შეუძლია შეიძინოს, ფერმერს უფრო მეტი ცოდნა აქვს აზოტის შესახებ. ფერმერმა მცენარესთან სხვადასხვა სასუქები უნდა შეიტანოს და არ არის მარტო აზოტი. არის კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბორი.
როდესაც პროდუქტს ბაზარში ვყიდულობთ, აუცილებელია, რომ ის კარგად გავრეცხოთ. თუმცა გარეცხვა ნიტრატებთან არაფერ შუაში არ არის. ნიტრატები პროდუქტში არის შიგნიდან. აქ ფერმერების განათლება მნიშვნელოვანია, რომ მან დაიწყოს უფრო გონიერი მიდგომა და მცენარის კვება დააბალანსოს. როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბალანსირებული კვება, ასევე სჭირდება მცენარეს და მარტო აზოტის შეტანა არ არის სწორი,“- მოცემულ საკითხზე თამარ ოთხმეზურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.